ამნისტია სახელმწიფოს კეთილი ნება და ჰუმანური აქტია, პროცესი რომლის დაზიანების უფლება არავის აქვს! - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ამნისტიის კანონი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდება.
ექსპერტის თქმით, ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე. მისივე განმარტებით, ბუნებრივია, რომ ამნისტია ყველა მუხლს ვერ შეეხება, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალებულის უფლებები დაირღვეს, შესაბამისად, მმართველმა გუნდმა შეარჩია მუხლები, რომელთა საფუძველზე, ამნისტია ერთნაირად იცავს როგორც დაზარალებულის, ისე პატიმრის უფლებას.
"ამნისტია სახელმწიფოს კეთილი ნება და ჰუმანური აქტია, პროცესი რომლის დაზიანების უფლება არავის აქვს!
ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე, აღნიშნული სრულიად ცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს.
ცალსახაა, ამნისტია ყველა მუხლს ვერ შეეხება, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალებულის უფლებები დაირღვეს, სახელმწიფოს უპირველესი მიზანი კი მოქალაქეთა უფლებების დაცვაა, ისე რომ უპირატეს მდგომარეობაში არავინ იყოს. სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის პრინციპის დაცვის საფუძველზე, მმართველმა გუნდმა შეარჩია მუხლები, რომელსაც ამნისტია შეეხება და რომელიც სრულად იცავს როგორც დაზარალებულთა, ასევე ციხეში მყოფთა უფლებებს." - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.