„უმცირესობას არ აქვს, იმის ლეგიტიმაცია, რომ მოითხოვოს უმრავლესობის მოსათხოვი. დემოკრატია, ეს არის უმრავლესობის ინტერესების დაცვა და გატარება, უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით“,-ამის შესახებ განცხადება „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
კითხვაზე: მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, გარკვეულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკული დამოკიდებულება, ხომ არ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი?- ლევან მაჭავარიანის პასუხია, რომ არა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც მიუღებელი იყო გარკვეული წრეებისთვის, დიდი ხანია მოქმედებს სხვა ქვეყნებში.
„დემოკრატიის ყველა სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი რაღაც. არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, არის მედიის აბსოლუტური თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ. უბრალოდ უმცირესობას არ აქვს, იმის ლეგიტიმაცია, რომ მოითხოვოს უმრავლესობის მოსათხოვი. დემოკრატია, ეს არის უმრავლესობის ინტერესების დაცვა და გატარება, უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, უმრავლესობა მომხრე იყო ამ კანონპროექტის, მათ აინტერესებთ არის თუ არა გამჭვირვალე „ენჯეო“ სექტორი. ორ თემას შევეხები. ერთი, რომ ეს არის ქართული კანონპროექტი და ყველა დარწმუნდა ამაში. ეს კანონპროექტი დიდი ხანია მოქმედებს გაცილებით მკაცრი ფორმით ამერიკაში, მოქმედებს ბრიტანეთში, მოქმედებს ისრაელში, ავსტრალიაში, სლოვაკიაში ჩვენს მერე მიიღო საფრანგეთმა და კანადამ გაცილებით მკაცრი ფორმით“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლის შედეგადაც დადასტურდა, რომ ორგანიზაციებს გამჭვირვალობის კუთხით კატასტროფული მდგომარეობა ჰქონდა, არც ერთი „ენჯეო“ გამოეხმაურა.
„470 -ზე მეტი ენჯეო ორგანიზაცია, რომელიც ყვიროდა, რომ ჩვენ ამას არ მივუერთდებით და არაფერს არ დავადეკლარირებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ, გივი მიქანაძემ ფაქტები დაამტკიცა, რომ არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე 50%“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. მისი განცხადებით არაფერი არაკონსტიტუციური ამ კანონში არ არის.
„კანონპროექტი არის სრულ თანხვედრაში ჩვენს კონსტიტუციასთან. პარადოქსულია, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს ეტყობა არ ურჩიეს, რომ არასწორ ნაბიჯს დგამდა. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ამხილა იგი კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ იყო გასული, მაშინ მან უნდობლობა გამოუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი დისკრედიტაციის კამპანიას ჩაუდგა სათავეში. ახლა თუ იგი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოდის, რომ ის ენდობა. შესაბამისად, ის აპრიორშივე აღიარებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ დაადგინა და ამხილა იგი კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლაში, იგი ამ ყველაფერს ადასტურებს“,-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.