„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ყოფილი ხელისუფლების გასამართლების დაპირების შესახებ საუბრისას.
მისი შეფასებით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე მოუწია წასვლა, მათ შორის, კოჰაბიტაციის თემაზე.
„რაც უფრო წლები გადის, საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენ უფრო ვძლიერდებით ეკონომიკურად, ასევე, როგორც დამოუკიდებელი, შემდგარი სუვერენული სახელმწიფო და არის უკვე ისეთი გადაწყვეტილებები, რის შეთანხმებაც ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოშივე ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. მით უმეტეს, გადახედეთ ბოლო წლებს, რამდენად შეცვლილია ეს ყველაფერი. ნებისმიერი პატრიოტი ქართველისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც იგი გრძნობს, რომ ცხოვრობს სუვერენულ სახელმწიფოში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ გამოსვლაში გაიმეორა ეს დაპირება და ის აუცილებლად შესრულდება.
„ბიძინა ივანიშვილი ძალიან მკაფიოდ დაჰპირდა ჩვენს მოსახლეობას უკვე მეორედ და ამას ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი, ისე გასამართლდება და ის საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. არ გვჭირდება მავნებლები ოპოზიციაში. რა ჯობია იმას, როდესაც შენ ხარ ხელისუფლებაში და გაკონტროლებს ამამავნებელი, არააგენტი ოპოზიცია. სულ ტონუსში ხარ იმიტომ, რომ იგი სწორ შენიშვნებს გაძლევს, სწორ თემებზე გაკრიტიკებს და არა ის, თეთრზე რომ შავს გეუბნება და ხალხს აგიჟებს, ქართულ კანონს რუსულს ეძახის“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გასამართლების დაპირება მხოლოდ სისტემურ დანაშაულებს არ ეხება.
„ძალიან მნშვნელოვანი მესიჯი გაჟღერდა, არა მარტო იმ საშინელ ქმედებებზე, სისტემურ გაუპატიურებებზე, სისტემურ ბიზნესის რეკეტზე, საძინებლებში თვალთვალზე, ქუჩაში და ციხეებში ადამიანების ხოცვაზე. მხოლოდ ამაზე არ გასამართლდებიან. არსებობს კითხვის ნიშნები, როგორ შეიყვანეს ქვეყანა 2008 წელს პირისპირ რუსეთთან ომში. ამაზეც მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოდით, დაველოთ არჩევნების შედეგებს. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ, მოგვანიჭებენ მანდატს. ჩვენ საკონსტოტუციური უმრავლესობის ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.