აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი: ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა უსაფრთხოების სფეროში ჩავარდნას ნიშნავს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი: ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა უსაფრთხოების სფეროში ჩავარდნას ნიშნავს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანმა, ალეხანდრო მაიორკასმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგზე სროლა უსაფრთხოების სფეროში ჩავარდნას ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

„როდესაც ვამბობ, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვსაუბრობთ ჩავარდნაზე. ჩვენ ვაპირებთ, დამოუკიდებელი შემოწმების მეშვეობით გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა და მივიღოთ რეკომენდაციები და დასკვნები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს აღარ განმეორდება“, - აღნიშნა ალეხანდრო მაიორკასმა.

„ჩვენ გავაძლიერეთ უსაფრთხოების ზომები ყოფილი პრეზიდენტისთვის, სულ მცირე, ივნისიდან. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე მოთხოვნა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ“, - დასძინა მან.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.