მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ კვლევა რომ არ ჩაეტარებინა, ვინ იცოდა, რომ ამდენი (474) NGO არსებობს საქართველოში? მათ ქართული საზოგადოებიდან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, თუმცა ხელისუფლების გადაყენებას ითხოვდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართულ ოცნებას“ კვლევა რომ არ ჩაეტარებინა, ვინ იცოდა, რომ ამდენი (474) NGO არსებობს საქართველოში? მათ ქართული საზოგადოებიდან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, თუმცა ხელისუფლების გადაყენებას ითხოვდნენ

დღეს ინფორმაცია მარტივად ვრცელდება და დამალული აღარაფერია, მათ შორის, არც იმაზე, თუ რას წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ ქართული საზოგადოებიდან, თუმცა ისინი ქართულ პოლიტიკაში მაინც აქტიურად ერევიან.

„შარშან, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ, ამაზე პირველი რეაგირება ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისს, რომელმაც მას რუსული უწოდა. [ესეც გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ კანონს]. ამდენი ხანი გავიდა და თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არადემოკრატიული, მუხლობრივი არგუმენტი ვერავინ მოიყვანა. ვენეციის კომისიამაც კი ვერ გაბედა ამ კანონის მუხლობრივად განხილვა. ამ ფონზე კი ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ქართულ ჯარს შეუჩერა და გადაწყვიტა, რომ „ენჯეოები“-თვის გადაეცა. ხომ ხვდებით, რას წარმოადგენს და რამდენ რამეს შიფრავს ეს კანონი? გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ უკან გავიწვიოთ, ის სისულელეები, რასაც რადიკალები აცხადებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემაა და ა.შ. (ამ დროს, ყველა ასპექტში კანდიდატებსა და ბევრ სხვა ქვეყანაზე წინ ვართ), აღარ იარსებებს?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატმა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევაზეც ისაუბრა, რომელიც „ენჯეო“ სექტორს შეეხო.

„ქართული ოცნებას“ კვლევა რომ არ ჩაეტარებინა, საზოგადოებამ საერთოდ იცოდა, რომ ამდენი (474) NGO არსებობს საქართველოში? ან, 97% რომ არ ავსებს, თურმე წლიურ დეკლარაციას? და ეს ადამიანები, რომელთაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ ქართული საზოგადოებიდან, პოლიტიკოსებზე მეტი უფლებებით სარგებლობენ და ქვეყნის ხელისუფლების გადაყენებასა და ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა კვლევა. მისივე თქმით, დადგინდა, რომ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, კატასტროფული მდგომარეობაა.