პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმიანება.
დეპუტატი სლოვაკეთის პრემიერზე რობერტ ფიცოზე თავდასხმასაც იხსენებს და ამბობს, რომ ტრამპსა და ფიცოზე განხორციელებული თავდასხმები ერთმანეთ ჰგავს, რადგან ორივე პოლიტიკოსი ღიად უპირისპირდება დიდ ძალას.
ყაველაშვილის თქმით, ორ პოლიტიკოსზე თავდასხმებს შორის, ევროკომისარ ვარჰეისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარაც გაჟღერდა.
ყაველაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც „ხალხის ძალამ“ უცხოელი პარტნიორების მხილება დაიწყო, პარტიის მიმართ დიდი ზეწოლა წამოვიდა, რის შემდეგაც პროცესები ქვეყანასაც შეეხო და დღემდე გრძელდება ვაჭრობა საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„რით ჰგვანან ტრამპი და ფიცო? მათ აქვთ ერთი იდეოლოგია და უპირისპირდებიან საკმაოდ დიდ ძალას და ამაზე ღიად საუბრობენ. მე ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული პროცესები მაშფოთებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამ ორ მოვლენას შორის [ფიცოზე და ტრამპზე განხორციელებული თავდასხმა], ჩვენი პრემიერის მიმართ იყო პირდაპირი მუქარა ევროკომისარ ვარჰეისგან. სატელეფონო საუბარში მან პირდაპირ მიანიშნა ირაკლი კობახიძეს - თუ რაღაცებს არ გაითვალისწინებთ, შეიძლება თქვენთანაც განხორციელდეს მსგავსი აქტიო. ეს არის ბრძოლა და ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ ჩართულნი.
გახსოვთ, როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა ჩვენს მიმართ, როდესაც დავიწყეთ ამ პროცესების მხილება. „ხალხის ძალამ“ რომ გავბედეთ და სიმართლე ვთქვით, მივუთითეთ ამერიკის ელჩს - ყოფილიყო სამართლიანი და ორმაგი სტანდარტი არ გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, ხომ ვნახეთ, როგორი კამპანია გაჩაღდა ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი გადავიარეთ, მაგრამ სახელმწიფოზეც გადავიდა ეს პროცესები, მაგალითად, კანდიდატის სტატუსზე და ეს ვაჭრობა დღემდე მიმდინარეობს. დააკვირდით ძალებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში და ასევე ენჯეო სექტორში არიან გაერთიანებული. როგორ მოქმედებენ და ქილიკობენ აქტივისტები მაგალითად, ვარჰეის მინიშნებაზე კობახიძის მიმართ. როგორ ქილიკობენ დღესაც, „გლობალური ომის პარტიაზე“, თითქოს ჩვენ რაღაცას ვიგონებთ. თავად საუბრობს ტრამპი, ფიცო და ბევრი სპეციალისტი ამ თემებზე - როგორი საშიშროებაა ამ გლობალური ძალების მხრიდან“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.