ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა ნამდვილად შედგება საქართველოში ოქტომბრის არჩევნების და ამერიკაში უკვე პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ და ეს პარტნიორობა გახდება რეალური, - ამის შ„სახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, ტრამპის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.
მისივე თქმით, თუნდაც ის, რომ აშშ-ში არსებობს ტრამპი და მისი პოზიციის მხარდამჭერები, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ამერიკაა ერთსახოვანი და იქაც არსებობს როგორც ფაშისტურ-ლიბერალური ფრთა, ასევე დემოკრატიული და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ფრთა, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად.
„ამ გასროლამ, რომელიც ტრამპის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, სწორედ დააყენა ის შედეგი, რომ მართალია, ამით ტრამპი ფიზიკურად დაზარალდა და იქ უბედური შემთხვევა მოხდა, ამას ემსხვერპლა ადამიანი, რაც მძიმე ტრაგედიაა, მაგრამ ამან ხელი შეუწყო დემოკრატიას და არა ფაშიზმს. ამით კიდევ უფრო გაშიშვლდა ის ფაშიზმი, რომელიც ამერიკაშიც ასევე მეფობს - გარკვეულწილად მას დღეს ბაიდენის ადმინისტრაცია წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისევე როგორც საქართველოშიც გაიმარჯვებს დემოკრატია, გაიმარჯვებს ადამიანის უფლებები და ამერიკა იქნება ის ამერიკა, როგორიც იყო რეიგანის დროს და ყველა ისეთი მმართველობის დროს, როდესაც ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები მართლაც იყო დაფასებული. ცხოვრების წესი იყო და არა ის, რაც დღეს ხდება - თავს მოხვევა საზოგადოებისთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებების, საზოგადოებისთვის მიუღებელი დიქტატის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ისედაც ჩაბარდება წარსულს ამერიკაშიც, როგორც საქართველოში. ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორობა ნამდვილად შედგება - საქართველოში ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომ უკვე ამერიკაში, პრეზიდენტის არჩევნების შემდგომ ეს პარტნიორობა გახდება რეალური.
ასევე, ჩვენი პარტნიორობა დასავლეთთანაც იქნება ღირებული და რეალური მას შემდგომ, როდესაც დაინახავენ, რომ საქართველოში ვერ გაიმარჯვა ფსევდო-ლიბერალურმა ფაშიზმმა და რომ ჩვენ, ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები და საბოლოოდ უარი უთხრეს იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.