თუკი ეს არის გრანტები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერისკენ, გრანტის გამცემი ორგანიზაციისთვისაც უნდა იყოს ინტერესი, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, გრანტის გამცემი ნებისმიერი ორგანიზაცია ინტერესდება როგორც ფინანსური ხარჯებით, ასევე კონკრეტული აქტივობებით და ამ აქტივობებისგან მიღებული ხელშესახები შედეგებით.
„ეს ინფორმაცია არანაირ დაბრკოლებას არ უქმნის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს. პირიქით, თუკი ეს არის გრანტები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერისკენ - და არის უამრავი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი საქმე, ამ შემთხვევაში გრანტის გამცემი ორგანიზაციისთვისაც ინტერესი უნდა იყოს, რომ მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს და ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან გასაჯაროებას და გამჭვირვალობის პრინციპს, შემდეგ ხდება კონკრეტული ჯგუფების დაფინანსება საკმაოდ დიდი მასშტაბით და არ არის ცნობილი, რაშია წასული ეს დაფინანსება.
„შემდგომში იკვეთება ამ კონკრეტული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების პირდაპირი კავშირი პოლიტიკურ სუბიექტებთან. შემდეგ მათი ქმედებები პარტიული ნიშნით გამოიკვეთება და მიზანმიმართულად სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკლესიის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდაზე არის ორიენტირებული. აქ უკვე ჩანს, რეალურად რატომ არის ის წინააღმდეგობა, რომ გამოიკვეთოს საზოგადოებისთვის როგორც დამფინანსებელი, ასევე მიმღები, იქ დახარჯული თანხები და კონკრეტული აქტივობები. ამ კონტექსტიდან გამომდინარე საზოგადოება მარტივად უნდა ხვდებოდეს, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს კონკრეტული ორგანიზაციები გამჭვირვალობის პრინციპს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.