დღეს საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კვლევის ანგარიში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. ეს კვლევის ანგარიში არის 12 ივლისის მდგომარეობით და ეხება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქანაძემ განმარტა, მმართველი პარტია საზოგადოებას წარუდგენს საბაზისო კვლევას, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ის 474 ორგანიზაცია, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას ეწინააღმდეგებოდა.
"ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს, თუ რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად გამჭვირვალე არიან ეს ორგანიზაციები და რამდენად არის ნებისმიერი ჩვენი საზოგადოების დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროსთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან არის დაკავშირებული.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც რიგი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღება დაუშვებელია. უფრო მეტიც, ისინი ამბობდნენ, რომ ამის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ინფორმაცია, როგორც საქმიანობის, ასევე დამფინანსებლის და კონკრეტული ფინანსების განკარგვის და საქმიანობის შესახებ არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას." - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მის აღსრულებას არ დაემორჩილებოდნენ, ვინაიდან საზოგადოებისთვის მათი გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაცია ისედაც უზრუნველყოფილი იყო. სწორედ ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, 7 საბაზისო კომპონენტის მიხედვით შეესწავლა, რამდენად შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ დაინტერესებულ წარმომადგენელს, მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ.
"შემდგომში კიდევ გამოჩნდა ის გარემოება, რომ ამ ორგანიზაციათა გარკვეულმა ნაწილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ისინი კანონის აღსრულებას არ დაემორჩილებიან და არ გაივლიან კანონის საფუძველზე რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კანონი მათთვის მიუღებელია და როგორც წეღან გითხარით, გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის კომპონენტი საზოგადოებისთვის ისედაც უზრუნველყოფილი არის.
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვესწავლა ხელმომწერი ორგანიზაციების რეალური ინფორმაცია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად გამჭვირვალე არიან ისინი და რამდენად არის საზოგადოებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც მათ საჯაროდ აქვთ წარმოდგენილი. ჩვენ შევისწავლეთ 12 ივლისამდე პერიოდში 474-ვე ორგანიზაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საჯარო წყაროებზე და ეს შესწავლა დაეფუძნა საბაზისო ინფორმაციას. აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება სიღრმისეულ შესწავლას, არამედ, ძირითად ფაქტებს და 7 კომპონენტი ავიღეთ შესწავლის მიზნით, ესენია:
აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი, მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ამ მისი ლოგო, პროექტები, რომელიც განხორციელებული აქვს და მიმდინარე არის, წარმოდგენილი აქვს თუ არა მისი სახელწოდება საჯაროდ, რამდენია გრანტის ოდენობა რაც თითოეულ პროექტზე აქვთ მათ მიღებული, რა პერიოდულობის/ხანგრძლივობის არის ეს პროექტი და გრანტი, აქვთ თუ არა შემუშავებული და გამოქვეყნებული წლიური ანგარიში საქმიანობის შესახებ და პროექტის გუნდი - ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ კონკრეტულ პროექტებს შესაბამისი ორგანიზაციის სახელით.
როგორც ხედავთ, ინფორმაცია არის აბსოლუტურად საბაზისო, ზედაპირული იმისთვის, რომ ადამიანს შეუქმნას ელემენტარული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ორგანიზაციაა, რა საქმიანობას ახორციელებს და რა ფინანსები მიიღო და არა სიღრმისეული, შემდგომში კონკრეტულად რა აქტივობები განხორციელდა და ეს ფინანსები სად და როგორ დაიხარჯა.
ამის მიხედვით გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს შედეგები, 474 ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონის მიღებას, თითოეულ კომპონენტთან მიმართებაში." - აღნიშნა გივი მიქანაძემ.