მაშინ, როცა ამერიკის მთავრობამ რაღაც სანქციები გამოაცხადა საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ მეორე დღეს „ატლანტიკურმა საბჭომ“, რომელიც ზომავს თავისუფლების ხარისხს მსოფლიოში, გაგვხადა მწვანე ქვეყანა, პირველად საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დასავლური ინდექსის მიხედვით საქართველო არის ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე წინ და ასეთი სტატუსი ჩვენს გარშემო არავის აქვს.
„ჩვენ ვართ ერთადერთი მწვანე წერტილი და ჩვენს გარშემო არიან სულ ყვითელი ან ყავისფერი ქვეყნები, ანუ ჩვენზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები. მოლდოვა ერთი ნაბიჯით ჩამოგვრჩება და უკრაინა საერთოდ ორი ნაბიჯით ჩამოგვრჩება ამ ყველაფერში. ჩვენ ვართ სრულიად თავისუფალი ქვეყანა“, - აღნიშნა რუხაძემ.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს საყვედურობენ იმის გამო, რომ ქვეყანა იღებს „გამჭვირვალობის კანონს“ და ვინმეს დასჯა ხომ არ იგეგმება ამ კანონით, ამას ეუბნებიან თავისივე წარმოსახვით სრულიად თავისუფალ ქვეყანას.
„გვაქვს მედიათავისუფლების წარმოუდგენელი ხარისხი, რაც ერთ–ერთ ერთი მთავარი არგუმენტია ჩემთვის, რატომ არ შეიძლება იმ გამჭვირვალობის კანონს ეწოდოს რუსული კანონი. რუსეთში იმ კანონის გამოყენება ხდებოდა აბსოლუტურ ჩაკეტილ სივრცეში, სადაც არანაირი თავისუფალი მედია არ არსებობს. ჩვენთან ასეთი თავისუფალი მედიის პირობებში, ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ ხელისუფალს, რომ რაღაც კანონი მიმართოს და გამოიყენოს არამიზნობრივად“, განაცხადა „იმედის“ მფლობელმა.
მისი თქმით, საქართველო მიდის ევროპისკენ - ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, გახდა ასოცირებული წევრი.
„მაიდანის მერე, უკრაინა დაიქცა, დაკარგეს ყირიმი და ასეთი ამბები მოხდა შეთანხმების გამო და ჩვენ გავბედეთ და გავაკეთეთ ეს. ამიტომ ჩვენ მაგ მხრივ, როგორც ქვეყანა მივდივართ სწორი ნაბიჯებით და ახლა მთლად უკვე კანდიდატებიც გავხდით.
მეორეს მხრივ რაზეც ხდება აპელირება, ჩვენ რუსეთის მხარეს არ მივდივართ. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი ვინმეს აეხსნა ჩემთვის როგორ მივდივარ რუსეთისკენ, როცა ჩვენ ასობით გადაწყვეტილება მივიღეთ უკრაინის სასარგებლოდ და არა რუსეთის, ჩვენი მეზობლებივით კი არ გავჩერდით, რომლებსაც არავინ ეჩხუბება. მივეცით ხმა რუსეთის წინააღმდეგ, არანაირ კავშირებში და არაფერში შევსულვართ რუსეთთან. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უზარმაზარი ფიგურაა ოცნებაშიც და საქართველოში, 1998 წლის მერე ფეხი არ ჩაუდგამს რუსეთში, 2004 წელს გაყიდა მთავარი აქტივები, აიღო ეს ფული და დააბანდა დასავლეთში. სწორედ ამაზეა „კრედიტ სუისის“ დავები. ამ ორგანიზაციამ ეს თანხა აიღო, ამერიკაში და ევროპაში სხვაგან ჩაუდო ფული. ეს ადამიანი ფიზიკურადაც და ფინანსურადაც რუსეთიდან წამოსულია და ევროპაშია წასული. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ თქვა საქართველო არ მიდის ევროპისკენ და მიდის რუსეთისკენ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ირაკლი რუხაძესთან ინტერვიუ ჩაწერილია ხუთშაბათს, 11 ივლისს.