პარტია „ხალხის ძალის“ წევრი იოანე შაიშმელაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ტრამპის მკვლელობის მცდელობა შემთხვევითი არ არის.
იოანე შაიშმელაშვილის თქმით, ტრამპი და ფიცო არიან ლიდერები, რომლებიც ლიბერალური ელიტის დღის წესრიგს არ მიჰყვებიან და ღიად ეწინააღმდეგებიან მათ ღირებულებებს. მისი თქმით, ფიცოსა და ტრამპზე თავდამსხმელები, ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები არიან, შესაბამისად ტერორიზმი ლიბერალიზმისთვის უცხო არაა.
„დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა არ არის და ვერც იქნება შემთხვევითი, მით უმეტეს, რომ თითქმის ორი თვის წინ, 15 მაისს, სლოვაკეთის პრემიერს - რობერტ ფიცოს ესროლეს. ეს ორი თავდასხმა მთლიანობაში უნდა დავინახოთ, ვინაიდან ძალიან ბევრი მსგავსებებია ამ ორ შემთხვევას შორის.
დავიწყოთ იმით, რომ როგორც ტრამპი, ისე ფიცო - არასისტემური აქტორები არიან. ისინი არ მიჰყვებიან ამერიკული და ევროპული ლიბერალური პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგს და პირველ რიგში, ღიად და მკაფიოდ ეწინააღმდეგებიან ლგბტ პოლიტიკის დაკანონებას (ამერიკაში ქორწინება მიღებულია, მაგრამ ტრამპს მაინც მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა ლგბტ თემატიკის მიმართ).
ორივე მათგანი ეწინააღმდეგება იმ სამხედრო პოლიტიკას, რომელიც შტატებსა და ევროკავშირს აქვს რუსეთთან მიმართებით. მეტიც, ღიად ამბობენ, რომ ამ პოლიტიკით სარგებლობს მსხვილი ბიზნესის ვიწრო წრე, საზოგადოება კი მხოლოდ ზარალობს.
ორივე მათგანის პოლიტიკური ხედვა ორიენტირებულია, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებზე, შესაბამისად გლობალისტური პოლიტიკა მათთვის მეორე ხარისხოვანია, ეს კი ლიბერალური პოლიტიკური ელიტისთვის აბსოლუტურად მიუღებელია - ტრამპის, ფიცოსა და ორბანის ერთდროული და წარმატებული მართვის შედეგად, შეიძლება შენელდეს ან სულაც შეჩერდეს ლიბერალიზმისა და გლობალიზმის თავზე მოხვევა დანარჩენი ქვეყნებისთვის, ამით კი ისევ ის წრეები იზარალებენ, ვისაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ - ლიბერალურ პოლიტიკურ ელიტას, ამერიკაში კი - ჩრდილოვან სახელმწიფოს უწოდებენ.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რაც ამერიკაში მოხდა, პოლარიზაციის ის ხარისხი, რაც ამერიკულ საზოგადოებაში არსებობს სრულად ამ გლობალური ომის პარტიის პასუხისმგებლობაა - პოლარიზაცია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საკრალიზებით და შემდგომ, პოლარიზების პიკამდე მიყვანით დასრულდა. შედეგად, ტრამპმა 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ამით არაფერი არ დასრულებულა. წლების მანძილზე მიმდინარეობდა მისი დემონიზება, რაც საზოგადოებაში პოლარიზებას კიდევ უფრო აღრმავებდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც ტრამპის, ისე ფიცოს შემთხვევაში მსროლელი არის არა პროფესიონალი, არამედ „რიგითი მოქალაქე“, რომელსაც თურმე, ასე თავისით დაემართა რადიკალიზება და მკვლელობის მცდელობამდე მისულა. ძნელი დასაჯერებელია, ვინაიდან რიგითი მოქალაქე მკვლელობაზე ასე უბრალოდ არ თანხმდება, თუკი შესაბამისი ფსიქოლოგიური მომზადება არ აქვს გავლილი, ისე, როგორც მაგალითად „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს. ისინიც „რიგითი მოქალაქეები“ იყვნენ, მანამ, სანამ კონკრეტული ორგანიზაცია მათ არ გადაიბირებდა და ფსიქოლოგიურად არ მოამზადებდა.
„რიგითი მოქალაქის“ სცენარი დამკვეთისთვის უფრო უსაფრთხოა - პროფესიონალ მკვლელს ან სამხედრო მომზადების მქონე ადამიანს შესაბამისი კავშირები აქვს და საზოგადოებაც მარტივად არაფერს დაიჯერებს და თუ მსროლელი „რიგითია“, ისევ დაიწყება მედია ნარატივი, რომ თურმე ეს „რიგითი“ მარტო მოქმედებდა, „თავისით“ გახდა რადიკალი და იმიტომაც ისროლა.
უბრალოდ მსგავსება ის არის, რომ ტრამპისა და ფიცოს შემთხვევაში ორივე მსროლელი მკვეთრად ლიბერალური ღირებულებების მატარებლები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ თურმე ტერორიზმი არც ლიბერალიზმისთვის შეიძლება იყოს უცხო.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის ძალა, რომელიც შტატებსა და ევროპაში მიუღებელ ლიდერებს თავს ესხმის და სასიკვდილოდ იმეტებს, ის საქართველოშიც იმავეს შეეცდება. რეალობა ის არის, რომ ყველაზე მეტი რადიკალიზმი დღეს საზოგადოებაში სწორედ ე.წ. ლიბერალების მხრიდან მოდის. დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ NGO-ებისა და რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესხმიან თავს, აყენებენ შეურაცხყოფას და ცდილობენ მათ დემონიზებას. ასეთი თავდასხმები ძალიან ბევრი იყო ბოლო თვეების განმავლობაში, შარშან, მარტში.
ამიტომაც, ისევ და ისევ, აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ პირველ რიგში, ლიბერალების რადიკალიზმი დასრულდეს და დასავლური დონორებისგან წახალისებული ძალადობა წარსულს ჩაბარდეს.“- წერს იოანე შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში.