ტრამპისთვის ნასროლი ტყვია და ის უკვე იკონური ფოტო - დასისხლიანებული, მუშტაღმართული ტრამპი ამომრჩევლების წინ - რენესანსის ტილოსავით დარჩება ისტორიას, სახელწოდებით „ფსევდოლიბერალიზმის აღსასრული“, - ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
ოდიშარია აღნიშნავს, რომ ამერიკის სოციოპოლიტიკური ტრადიციაა იმ პრეზიდენტზე ან/და პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა, რომელიც ანტიისტებლიშმენტური პოლიტიკის გამტარი ხდება.
„ამერიკელი პრეზიდენტი ან/და პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ანტიისტებლიშმენტური პოლიტიკის გამტარი ხდება, მასზე თავდასხმა უკვე ამერიკის სოციოპოლიტიკური ტრადიციაა. ყველა ასეთ თავდასხმაზე, ოფიციალური ოქმი ამბობს, რომ მარტოხელა შეიარაღებული პირია (lone gunman) პასუხისმგებელი, რომელიც მხოლოდ პირადი მოტივებით მოქმედებდა. ასეა ლინკოლნზე, ასეა ჯონ კენედიზე, ბობი კენედიზე და იგივე იქნება ტრამპზე. უბრალოდ ოთხივე მათგანს საინტერესო გამაერთიანებელი ხაზი აქვს: ლინკოლნი მოკლეს მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ომი დაასრულა და მონობა გააუქმა, რაც ამერიკული ეკონომიკისათვის (ელიტების კაპიტალისათვის) სერიოზული დარტყმა იყო. კენედი მას შემდეგ მოკლეს, რაც კუბასთან საომარი ესკალაცია შეაჩერა და ვიეტნამთან კონფლიქტის დეესკალაციის პოლიტიკის გატარება დაიწყო. ბობი კენედი, რომელიც ფავორიტი კანდიდატი იყო ძმის მკვლელობის შემდეგ და მისი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავდა, აგრეთვე გაისტუმრეს საიქიოს. ტრამპს, რომელიც რუსეთ უკრაინის ომის შეჩერებას და სიაიეის საიდუმლო მასალების (მათ შორის კენედის მკვლელობის მასალების) გასაჯაროებას ჰპირდება ამომრჩეველს, გუშინ ესროლეს. ზემოთქმული ორი პრეზიდენტის და ორი პრეზიდენტობის კანდიდატის მისამართით სროლა, მათ მიერ ომის შეჩერების პოლიტიკას ემთხვევა, რაც მინიმუმ კითხვებს უნდა აჩენდეს სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის და სიაიეის მისამართით. ამას ტრამპის შემთხვევაში ემატება ახალი ცვლადი, მკაცრი ანტილიბერალური პოლიტიკა, რაც აგრეთვე ძალაუნებურად გვახსენებს ანტილიბერალური რიტორიკის ევროპელ ლიდერზე, სლოვაკეთის პრემიერზე, რობერტო ფიცოზე თავდასხმას და აჩენს დამატებით კითხვებს, რაზეც, რასაკვირველია ოფიციალური სტრუქტურები გააგრძელებენ ნარატივს, რომ მარტოხელა შეიარაღებული პირის (lone gunman) ნამოქმედარია და არანაირი სხვა ნარატივი არ არსებობს, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებები სულ სხვა ისტორიას ყვება. ტრამპისთვის ნასროლი ტყვია და ის უკვე იკონური ფოტო - დასისხლიანებული, მუშტაღმართული ტრამპი ამომრჩევლების წინ - რენესანსის ტილოსავით დარჩება ისტორიას, სახელწოდებით „ფსევდოლიბერალიზმის აღსასრული““, - წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.