ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე ცალსახად და ნათლად ჩანს, როგორ არის ჩართული NDI და IRI წინასაარჩევნო კამპანიაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა წნორში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრას, რისთვისაც NDI-მ გრანტი გასცა.
„შემდეგ ისინი იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით არიან და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. როდესაც მხარე ხარ რადიკალების, „ნაცების“ წინასაარჩევნოდ, შენი დასკვნები როგორ იქნება ობიექტური? ჩვენ ხომ გვინახავს მათი დასკვნები ან კვლევები, 20-40%-ით ცდებოდა ხოლმე ძირითადად რადიკალების სასარგებლოდ. ყველაფერს აკეთებთ, რომ ჩვენი კონსტიტუცია დაარღვიოთ. ეს მიუღებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ თქვენ ხართ რადიკალების გვერდში მდგომი მხარე, რომელიც ებრძვით მართლმადიდებლობას, ქართულ ტრადიციებს, ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ მხარს უჭერთ ლგბტ პროპაგანდას, მეორე ფრონტის გახსნას, პოლარიზაციას და ამას აფინანსებთ. გილოცავთ, თქვენი მორიგი ლუსტრაცია მოხდა“, - განაცხადა ზარქუამ.
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა წნორში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სოციალურ ქსელში, კი NDI-ს მადლობა გადაუხადეს. NDI-ს წარმომადგენელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ შეხვედრა „სამოქალაქო ინიციატივის“ ორგანიზებულია, რომელზეც ორგანიზაციამ გრანტი გასცა.
შეხვედრის ორგანიზებას და ამ პროცესში უშუალო ჩართულობას NDI-ში უარყოფენ.