დავით მაღრაძე: ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს

დავით მაღრაძე: ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს

პოეტი დავით მაღრაძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა - ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ამ ფაქტს, ერთი წინადადებით შევაფასებ - ესროლეს ტრამპს და მოარტყეს ლიბერალიზმს. დაჭრილი ტრამპის მხნეობის ნიშნად აწეული მარჯვენა, ეს სცენა იქნება მისი გამარჯვების სიმბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ამის პროგნოზი ორბანმა გააკეთა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ ტრამპს შეხვდა, ანუ, ის შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ეს იყო პროგნოზი“, - აღნიშნავს მაღრაძე.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო. დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, - განაცხადეს უწყებაში.