განსხვავებულია მსჯავრდადებულების მიმართ დამოკიდებულება, ვიდრე ეს იყო 2003-2012 წლებში. იცით, როგორი დამოკიდებულება იყო, როგორ საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება ადამიანებს, რამდენი პრობაციონერი, რამდენი მსჯავრდადებული იყო ამ ქვეყანაში და ზოგადად, რა ვითარება იყო ამ დროს. ალბათ, ჰიტლერს და გებელსს თვალზე ცრემლი მოადგებოდათ და სიამაყით აღნიშნავდნენ, ისეთი ქვეყანა ააშენეს მიხეილ სააკაშვილის დამქაშებმა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ, "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია, 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, თუმცა, ხელისუფლება განვითარების სხვადასხვა საშუალებას კვლავ ეძებს და ერთ-ერთი მათგანია ამნისტია.
"2012 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილები, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ არსებობს განვითარების და სრულყოფის საშუალებები, ერთ-ერთი ნაბიჯია ამნისტია." - აღნიშნა გორდულაძემ.
გარდა ამისა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალებაზე და აღნიშნა, რომ მის მიერ იმ ადაიანების შეწყალება, ვინც მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა, სავარაუდოდ, გარე ძალების მიერ მიღებული დავალების ნაწილია.
"რაც შეეხება პრეზიდენტს, ცალე საკითხია, რა ადამიანებს და რა კონტექსტიდან გამომდინარე იწყალებს. ცოტა არ იყოს, ღიმილის მომგვრელია, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ადამიანები რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდნენ, აღმოჩნდა, რომ თურმე შეიწყალა. გვაქვს გონივრული ეჭვი ჩვენც და საზოგადოებასაც, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და იგი უნდა ასრულებდეს გარე ძალების მიერ მიღებულ დავალებებს, არამხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ მათ შორის." - განაცხადა გორდულაძემ.