გიორგი გაბუნია: მე მაინც მაქვს განცდა, რომ ჩვენი პარტნიორები საბოლოოდ გაიაზრებენ იმას, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

გიორგი გაბუნია: მე მაინც მაქვს განცდა, რომ ჩვენი პარტნიორები საბოლოოდ გაიაზრებენ იმას, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როდესაც ხელისუფლება იწყებს ეროვნული პოლიტიკის გატარებას, აქცენტი კეთდება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ბუნებრივია ყველას მოსაწონი ვერ იქნები, - ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელმა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

გაბუნია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ჩვენი პარტნიორები გაიზარებენ იმას, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რის შემდეგაც ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

„2024 წელი მხოლოდ საქართველოსთვის არაა საარჩევნო წელი. ახლახან დასრულდა ევროკავშირში არჩევნები და ჩვენ ვნახეთ, რომ შეინიშნება გარკვეულ ძალათა ბალანსის ცვლილება და ვნახეთ რამხელა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მიიღო საფრანგეთში და ავსტრიაში ულტრამემარჯვენეთა პარტიებმა. ვფიქრობ, რომ სრულიად ლოგიკურია, რომ მას შემდეგ რაც საქართველოში დასრულდება საარჩევნო პროცესი, განახლებული ძალებით მოხდება ახალ ადმინისტრაციებთან როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის მიღება არ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დაპირისპირებების მიზეზი, მანამდეც იყო გარკვეული უთანხმოების ნიშნები. როდესაც ხელისუფლება იწყებს ეროვნული პოლიტიკის გატარებას, აქცენტი კეთდება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ბუნებრივია ყველას მოსაწონი ვერ იქნები. როდესაც შენ ჭკუაზე იწყებ სიარულს, ყველას უნდება, რომ მათ ჭკუაზე იარო. მე მაინც მაქვს განცდა რომ ჩვენი პარტნიორები საბოლოოდ გაიაზრებენ იმას, რომ საქართველო დამოუკიდებელია, აქვს სუვერენული უფლება, რომ თავად განსაზღვროს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.