რადიკალური ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრა წნორში ადგილობრივმა, ლეილა კუსრაშვილმა გააპროტესტა.
მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და 9-წლიანი რეჟიმი შეახსენა.
„ე.ი. აუცილებელია, ბატონი მიშა გამოვიდეს. კიდევ მაქვს კითხვა - ქალბატონი ალასანია, რომ გამოდის და იხვეწება, მიშა გადაიყვანეთ საზღვარგარეთო, ორივე ფილტვზე ტუბერკულოზი ჰქონდა ჩემს შვილს, 40 გრადუსი სიცხე, აღებინებდა და შვილი ქსანში არ გადამიყვანეს, რომ გადამერჩინა და მისი შვილი რატომ უნდა წაიყვანოთ იქ? მაინტერესებს! წაიყვანონ, მაგრამ მე მაქვს ეს კითხვები“, - განუცხადა ლეილა კუსრაშვილმა შეხვედრაზე რადიკალური ოპოზიციის წევრებს.
როგორც „ქრონიკასთან“ საუბრისას კუსრაშვილმა განაცხადა, მისი შვილი ციხიდან ამნისტიით 2014 წელს გამოვიდა. მისივე თქმით, შვილი მას 2 წლის წინ გარდაეცვალა. მას ციხეში ცემის შედეგად ეპილეფსია განუვითარდა.
„ვაშაძე ახლა რომ ამბობს, ჩვენ ისევ ერთად გავიმარჯვებთ, როგორ გაიმარჯვებს?! როცა ხელისუფლებაში იყვნენ, რა გააკეთეს?! პასუხი რა გამცეს? - არაფერი“, - განაცხადა ლეილა კუსრაშვილმა.