მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე: მსგავსი კომუნიკაცია არ გვაქვს, ჩვენ ახლა კონსულტაციებს ვატარებთ სხვადასხვა პარტიასთან

მამუკა ხაზარაძე გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე: მსგავსი კომუნიკაცია არ გვაქვს, ჩვენ ახლა კონსულტაციებს ვატარებთ სხვადასხვა პარტიასთან

მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანების შესახებ. როგორც „ლელოს“ ლიდერმა განაცხადა, ამ თემაზე გახარიას პარტიასთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„ბევრი მსგავსი ინფორმაცია მოვისმინე ამ დღეებში - მსგავსი კომუნიკაცია არ გვაქვს. ჩვენ ახლა კონსულტაციებს ვატარებთ სხვადასხვა პარტიასთან. უახლოეს ხანში მოგახსენებთ, თუ რა კონფიგურაციით წარვდგებით არჩევნებზე.

ჩემი პოზიცია ძალიან მკაფიოა - ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ყველანაირი ძალა, რომ „ქართული ოცნება" არ დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. სანამ გიორგი გახარია თავის პოზიციას არ დააფიქსირებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე ჩემი პერსონალური პრეტენზია კი არ მაქვს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ამის მერე შევხედავთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოსა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები წინასაარჩევნოდ მათი გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.