„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თავის მოადგილეებად ზაზა გოგავა და იგორ ნარმანია წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ წარდგენისას განაცხადა, რომ ეს ინსტიტუციური გადაწყვეტილება ახალგაზრდებისთვის პარტიის გახსნას ემსახურება.
„მოხარული ვარ, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემთან ერთად გაუძღვება ზაზა გოგავა, როგორც ჩემს მიერ დანიშნული მოადგილე. ამასთანავე, მივიღე გადაწყვეტილება, მოადგილის როლში იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია. ეს არის ინსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება პარტიის მაქსიმალურად გახსნას ახალგაზრდებისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მან ასევე თხოვნით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციას, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, რომელ პოზიციასაც თავად იკავებდა 2017 წლიდან.
ზაზა გოგავა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, იგორ ნარმანია კი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.