„ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ვიღაცები გვხედავდნენ, როგორც გარკვეული როლის შემსრულებელ ინსტრუმენტს. ჩვენ ვთქვით უარი ამ როლის ისე შესრულებაზე, როგორც გვთავაზობდნენ, შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტები. მათთვის აღმოჩნდა, რომ არა, კონკრეტულად ისე დირექტიულად უნდა შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკაში“ დასავლელ პარტნიორებთან გამწვავებული ურთიერთობების შეფასებისას განაცხადა.
ბექა დავითულიანის თქმით, იმის გამო, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული დირექტივები, მიმდინარეობს „სადამსჯელო ოპერაცია“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა დასავლურ ოჯახში, დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია. რა თქმა უნდა ევროკავშირის არსებითი ინტერესია, რომ მოხდეს მისი გაფართოება კავკასიის მხარეს და ჩვენც ვიყოთ მისი ნაწილი, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ინტერესების ტაქტიკური შეუთავსებლობა რაღაც თვალსაზრისით.
ეს ურთიერთობები გაამწვავა უკრაინაში მიმდინარე ომმა და იმ პოლიტიკურმა გამოწვევებმა, რომელიც ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში დგას. ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ვიღაცები გვხედავდნენ, როგორც გარკვეული როლის შემსრულებელ ინსტრუმენტს. ჩვენ ვთქვით უარი ამ როლის ისე შესრულებაზე, როგორც გვთავაზობდნენ, შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტები. მათთვის აღმოჩნდა, რომ არა, კონკრეტულად ისე დირექტიულად უნდა შევასრულოთ, რასაც გვეუბნებიან. ჩვენ ამას არ გავყევით და დღეს ხდება სადამსჯელო ოპერაცია ამისთვის“,-განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.
„ჩვენ ძალიან მარტივად ვუყურებთ ამ ყველაფერს. ჩვენ ჩავატარებთ ძალიან მაღალი სტანდარტების არჩევნებს. ამ სტანდარტების შესაბამისად, ვერავინ დაწერს ობიექტურ დასკვნას, სადაც მითითებული იქნება ის, რომ ჩვენ რამე დავაშავეთ ამ არჩევნებზე. შესაბამისად, თუ არაფერი დაგვიშავებია და ჩვენ გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ მოიპოვებს უმრავლესობას ამ არჩევნებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს მართლა ჩვენი ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის ინტერესებს, ხოლო სხვები თავისი პირადი ინტერესების გამო უბრალოდ მიჰყვებიან ბრმად იმ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში, თუნდაც ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ბრმად, საბოლოო ჯამში ხალხი გააკეთებს არჩევანს. შემდეგ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მოუწევთ დაჯდომა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვამბობთ, ურთიერთობების გადატვირთვა, რადგან მათთვისაც არსებითია, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში და ჩვენთვისაც“,-აღნიშნა ბექა დავითულიანმა.