თუ ვიღაცამ მართლა „რუსული კანონი“ მიიღო, ამდენ ხანს რას ცოდვილობენ? როგორ შეიძლება თვეები დაგჭირდეს, რომ სარჩელი დაწერო? - არ არის პრობლემა, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გასაჩივრებას აპირებს.
მისივე თქმით, იარლიყით "ვეღარ გავლენ" და მიხვდნენ, რომ ამას სჭირდება დრო და დასაბუთება.
"ეს ხალხი ან ფანჩატურში ერთიანდება, ან ქოლგის, ან კარვის ქვეშ და აქამდე წარმატებას ვერ მიაღწიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ან დატოვებს ფანჩატურში, ან ქოლგის ქვეშ და ან კარავში. მათ რაიმე წარმატების რესურსი არ აქვთ. რაც არ უნდა სცადონ ახლა სარჩელის მომზადებით, ან ამდენი ხანი რატომ დასჭირდათ? ეს ხომ "რუსულო კანონი" იყო მათი გაგებით. თუ მართლა ვიღაცამ "რუსული კანონი" მიღო, ამდენ ხანს რას ცოდვილობენ, რაშია სირთულე, რატომ ვერ დაასაბუთეს? როგორ შეიძლება ქვეყანამ "რუსული კანონი" მიიღოს და თვეები დაგჭირდეს, რომ სარჩელი დაწერო ხომ? საქმე სხვა რამეშია. აღმოჩნდა, რომ იქ "რუსული კანონი" კი არ წერია, თურმე აღმოჩნდა, რომ გამჭვირვალობას შეეხება ეს საკითხი. მიხვდნენ, რომ ამას სჭირდება დრო, დასაბუთება და არა იარლიყი. იარლიყით ვეღარ გავლენ. ის იარლიყი ქართველმა საზოგადოებამ არ მიიღო. არ არის პრობლემა, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში. გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ, გნებავთ სტრასბურგში, ამასაც ამბობენ. სადაც სურთ წაიღონ. ჩვენს მხარეს არის სიმართლე, არგუმენტები და რაც მთავარია, ქართველო ხალხის ინტერესი," - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც სავარაუდოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო სარჩელი განიხილებოდა.