წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფენტეზი სერიალის, ვამპირის დღიურების, დასრულებიდან შვიდ წელზე მეტი გავიდა. რვა სეზონისა და ჯამში 171 ეპიზოდის განმავლობაში, სერიალმა მსოფლიოში მილიონობით თინეიჯერი მიაჯაჭვა ეკრანებს. ლ.ჯ. სმითის რომანების მიხედვით გადაღებულ ვამპირის დღიურებს ორი სპინ-ოფ სერიალიც მოჰყვა — The Originals და Legacies — რომლებშიც სიუჟეტი იმავე სამყაროში ვითარდება.
ამ სამყაროს გულშემატკივრებს კი ჯერ ისევ არ დაუკარგავთ იმედი, რომ სერიალების შემქმნელები ახალი პროექტით დაბრუნდებიან. ხოლო ერთ-ერთი შემქმნელის, ჯული პლეკის, ბოლოდროინდელ განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, ეს იმედი შეიძლება გამართლდეს კიდეც...
თავისი ახალი სერიალის პრემიერაზე პლეკმა მედიას უთხრა, რომ სმითის რომანები მისთვის შთაგონების წყაროდ რჩება. სცენარისტსა და პროდიუსერს სამომავლო გეგმებზე დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ დაადასტურა, რომ ამ გეგმებში ვამპირის დღიურების სამყაროს გაფართოებასაც მოიაზრებს.
"მაქვს ამბავი, რომლის მოყოლაც ისევ მინდა", — აღნიშნავს ჯული, — "წიგნის პერსონაჟებსაც აქვთ ამბავი, რომლის მოყოლაც კვლავ უნდათ. დარწმუნებული ვარ, კინოსტუდია Warner Bros.-საც უამრავი ამბავი აქვს, რომელთა მოყოლაც სურთ. ასე რომ, იმედს ვიტოვებ, შესაძლებლობას მომცემენ, ამ საქმეს დავუბრუნდე. ვნახოთ".
ვამპირის დღიურების წიგნები კი ნამდვილად იძლევა ახალი სერიალისთვის საკმარის ბაზისს — სერია 13 რომანს აერთიანებს. თუმცა, სერიალი წიგნებისგან დიდად განსხვავებულია, ასე რომ, შემქმნელებს სიუჟეტის დამოუკიდებლად წაყვანის შესაძლებლობაც ექნებათ; პლეკის ჩაფიქრებული სერიალი შეიძლება შეეხებოდეს ისტორიის სხვა ზებუნებრივ არსებებს, მაგალითად, ჯადოქრებს, მაქციებს, სირინოზებს ან კიცუნეებს.
ვამპირის დღიურები, რომლის ჩვენებაც ტელეარხ CW-ზე 2009 წელს დაიწყო, ვირჯინიის შტატის გამოგონილ ქალაქ მისტიკ-ფოლსში განვითარებულ ამბებს გვიყვება; სიუჟეტი ელენა გილბერტისა და ვამპირი ძმების, სტეფან და დეიმონ სალვატორეების, სასიყვარულო სამკუთხედის გარშემო ტრიალებს. სერიალში მთავარ როლებს ნინა დობრევი, იენ სამერჰოლდერი და პოლ უესლი ასრულებენ. ვამპირის დღიურებმა არაერთი ჯილდოც დაიმსახურა.