ანრი ოხანაშვილი: არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება? - ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება

ანრი ოხანაშვილი: არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება? - ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება

მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება? - ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

"მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და ამბობენ, რომ NGO-ები უნდა დავაფინანსოთო. NGO-ების წვრთნაში იხდიან თანხას თუ რა ხდება? NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს, თუ რაზეა საუბარი? NGO-ების წვრთნას აპირებს ვინმე ამ ქვეყანაში? ნუ, თუ გაწვრთნიან, რომ უფრო დემოკრატიულები იყვნენ და გამჭვირვალობას უჭერდნენ მხარს, ცუდი არ არის, წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, მათ. თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება. ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია. ეს არ წაადგება მეგობრულ ურთიერთობას და ამიტომ თხოვნა გვაქვს, რომ გადახედონ ამ ნაბიჯებს, ამ რიტორიკას, ამ მიდგომას," - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.

„27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და გავუძლიეროთ დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში“ , - განაცხადა შერაზ გასრიმ.