როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც ღია კარში დიდხანს ხარ, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ნატო-სთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მრავალი წელია ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა უკვე 16 წელია ამ ღია კარში დგას.
„პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თქვა - 2008 წელს ბუქარესტში იმით, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს საქართველოს ნატო-ში მიღება, გარკვეული შესაძლებლობა მისცეს რუსეთს იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა. ამიტომ, ალბათ, ნატო-ს წევრები უნდა დაფიქრდნენ, რა გააკეთეს 2008 წელს. შეგიძლიათ პოლონეთის პრეზიდენტის ეს განცხადება იხილოთ, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი შემდეგ რუსეთის აგრესიასთან, სულ რამდენიმე კვირაში. ჩვენ არ გვინდა პირობები, ჩვენ გვინდა გადაწყვეტილებები. ჩვენ უკვე 16 წელია ამ ღია კარში ვდგავართ. როგორც თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, დღესაც აქტუალურია ეს სიტყვები: როდესაც დიდხანს ხარ ღია კარში, შეიძლება ამ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს. ამიტომ, ამაზე უნდა იფიქრონ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, რომ უსაფრთხოებას არ განაპირობებს დანაპირებები, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის მიმართაც დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, იგივე გაიმეორეს, რაც 16 წლის წინ უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით ითქვა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. როდის გახდება, როგორ გახდება და ა.შ. უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტია უკრაინა იბრძვის ევროპის დასაცავად და ასე აფასებს თავად ნატო ამ ომსაც, იმიტომაც ეხმარება უკრაინას. მიუხედავად იმისა, რომ გმირ უკრაინელ ხალხს უკვე 2 წელზე მეტია ფრონტი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარები შეაკავოს, ვნახეთ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.