აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ოკუპანტთან, ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, აშშ-მა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ოკუპანტთან, ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით

ჩვენი წუხილები ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის ცნობილი არის და სხვადასხვა ფორმატში გვაქვს გაჟღერებული, თუ რა წუხილები აქვს ქართულ საზოგადოებას ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ამ წუხილებს სათანადოდ უპასუხონ, მათ შორის, როცა ვსაუბრობთ გარკვეული აქტების მიღებაზე კონგრესსა თუ სენატში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ში „მეგობარი აქტის“ განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს თბილისთან ურთიერთობებში მცდარი გადაწყვეტილებები არაერთხელ დაუშვია.

„რას იზამ, ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების მცდარი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით, წეღან ვახსენე კიდევაც - აგვისტოს ომიდან 6 თვე არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან, არ დაწესებულა არცერთი სანქცია. აგვისტოს ომიდან 2 წელიც არ იყო გასული, როდესაც წითელ მოედანზე ამერიკელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღლუმში რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით. რა თქმა უნდა, დღეს ბევრი აცნობიერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამიტომ, შეცდომები საქართველოსთან მიმართებით აშშ-სგან ყოფილა და მოლოდინი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ეს შეცდომები თავიდან იქნება აცილებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.