საფრანგეთის ელჩის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის. არანაირი პირდაპირი დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს, ამიტომ ცოტა გაუგებარია რას ეხებოდა ეს კომენტარი, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადება იმის შესახებ, რომ პარიზმა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.
ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„რაც შეეხება [განცხადების] მეორე ნაწილს, რომ ქვეყნისთვის განსაზღვრული თანხა გადაინაცვლებს „ენჯეო“ სექტორში, მე მგონი ეს პირდაპირ აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, მასთან მიდის ფული. რა მომენტშიც ჩათვალეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს კონკრეტულად სხვა მთავრობის ინტერესს, [დაფინანსებამ] გადაინაცვლა მათკენ, ვინც მათ ინტერესს ატარებს. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი დასტურია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ასეთი ფულის უკან დგას ინტერესები და ახლა ამ ინტერესებს მიეცა თავისი კალაპოტი და აპირებენ, რომ დაფინანსება წავიდეს იქ, სადაც შესრულდება მათი ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.