რატომ იბადება კავკასიაში და ბალკანეთში სულ უფრო მეტი ვაჟი

რატომ იბადება კავკასიაში და ბალკანეთში სულ უფრო მეტი ვაჟი

სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთის აღმოსავლეთით მამაკაცები მეუღლეებს იოლად ვეღარ ოპოვნიან. 

დემოგრაფიული კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის (INED) მონაცემებით, ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და კოსოვოში ბოლო 30 წლის განმავლობაში 100 ახალშობილ გოგონაზე საშუალოდ 110-117 ვაჟი მოდის. ეს ციფრები საშუალო მსოფლიო მაჩვენებლებზე ბევრად მაღალია (105 ვაჟი 100 გოგონაზე) და ჩინეთის, ვიეტნამის და ნეპალის აზიური რეკორდების დონეზეა. 

კვლევის ავტორებს, ჟერალდინ დიუტეს და კრისტოფ გილმოტოს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი ბიოლოგია სულაც არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში შობადობის „მასკულინიზაციის“ ტენდენციის ფესვები 1990-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნებიდან მოდის. „როგორც გაირკვა, (...) სოციალიზმის ათწლეულები, რომელმაც საზოგადოებაში დისკრიმინაციის უამრავი, ყველაზე აშკარა ფორმები მოსპო (დასაქმების, განათლების და სოციალურ-პოლიტიკური დამოუკიდებლობის სფეროში), ფაქტიურად არანაირად არ აისახა უთანასწორობაზე ოჯახის შიგნით“, წერენ ისინი. ბალკანეთსა და კავკასიაში ოჯახის საყრდენად კვლავ კაცი მიიჩნევა. „საუბარია, ე.წ. პატრიარქალური მიმართულების ქვეყნებზე, სადაც გათხოვილი ქალბატონები მეუღლის ოჯახურ ხაზსს უერთდებიან“, გვიხსნის კრისტოფ გილმოტო. „გარდა ამისა ეს პატრილოკალური სახელმწიფოებია, სადაც წყვილები ქმრის ოჯახში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ. ცოლის მშობლებთან გადასვლა საცხოვრებლად ქმრისთვის სამარცხვინოა“. 

შერჩევითი აბორტები

ასეა თუ ისე, კომუნისტური სისტემის დანგრევა თავისთავად ვერ ახსნის ვაჟების უპირატესობას. „ეკონომიკურმა კრიზისმა შეარყია ასევე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის აღქმა საზოგადოებაში“, აღნიშნავს ჟერალდინ დიუტე. „უმუშევრობის ზრდასთან ერთად ქალების მდგომარეობა უფრო მოწყვლადი გახდა, რაც შეიძლება არის კიდეც ოჯახებში ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭების ზრდის მიზეზი“. 

გარდა ამისა, კრიზისი შესამჩნევად აისახა სახელმწიფოს როლზე განათლების და სოლიდარობის სფეროში, რამაც ხელშესახები დარტყმა მიაყენა საზოგადოების საფუძვლებს. „ოჯახური სტრუქტურა აღიქმება, როგორც ყველაზე მყარი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც საკუთარ წევრებს აძლევს უსაფრთხოების, ფიანანსური მხარდაჭერის და საცხოვრებლის გარანტიებს“. 

საზღვრებისა და ბაზრების გახსნილობის, ასევე ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაციის შედეგად ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ახალ ტექნოლოგიებთან, როგორიცაა ულტრაბგერითი კვლევა (ადრე, ამ ქვეყნების უმრავლესობაში მსგავსი რამ გაგონილიც არ ჰქონდათ), რამაც გააიოლა შობადობაზე კონტროლი და ბავშვის სქესის დადგენა. ამ ყველაფერს მოჰყვა შერჩევითი აბორტების პრაქტიკის გავრცელება. სომხეთში მესამე ბავშვის გაჩენისას სქესის თანაფარდობის ზღვარმა 185 ვაჟზე 100 გოგონას მიაღწია, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. 

რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხვი მცირეა (საერთო ჯამში 23 მილიონი ადამიანი), ასეთ აშკარა დისბალანსს მსოფლიოს მოსახლეობისათვის გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დემოგრაფიულ ტენდენციებს ჩინეთსა და ინდოეთში. INED-ის დირექტორი ჟილ პიზონი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენციები მეტყველებს დღეისთვის არსებული პროგნოზების გადახდვის აუცილებლობაზე: რადგან გოგონების რიცხვი მცირდება, მომავალში შვილს ნაკლები ქალბატონი გააჩენს. ამგვარად, შობადობის მიმდინარე „მასკულინიზაცია“ გამოიწვევს იმას, რომ „მსოფლიო მასშტაბებში მოსახლეობა პიკს იმაზე მალე მიაღწევს, ვიდრე ნავარაუდები იყო, და რომ ეს გაცილებით დაბალ დონეზე მოხდება“. 

აქამდე ჯერ კიდევ შორია. თუმცა, ზემოთ დასახელებული ოთხი კავკასიური და ბალკანური ქვეყნის მთავრობები შეშფოთებული არიან. „10-15 წლის წინ იქ ვაჟების მაღალ რიცხვს ქორწინების რეგისტრაციის სახლების შეცდომად მიიჩნევდნენ და პრობლემას უარყოფდნენ. დღეს ისინი გრძნობენ, რომ მათ ეს პირდაპირ ეხებათ“, ამტკიცებს ჟერალდინ დიუტე. 


foreignpress.ge