ჯიფსი როუზ ბლანჩარდი, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, პირველ შვილს ელოდება. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ამერიკელი ქალი, რომელიც საკუთარი დედის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს, შარშან დეკემბერში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მას შემდეგ, იგი თავის ყოველდღიურ ამბებს ასობით ათას გამომწერს უზიარებს სოციალურ ქსელებში. სწორედ ბლანჩარდის იუთუბის არხიდან შევიტყვეთ, რომ ის და მისი ყოფილი საქმრო, კენ არკერი, მომავალი წლის იანვრის თვეში შვილის შეძენას ელოდებიან.
"ორივენი ძალიან გახარებულები ვართ", — აღნიშნავს ბლანჩარდი, — "ეს საერთოდ არ გვქონია დაგეგმილი და ძალიან მოულოდნელი იყო".
ჯიფსის თქმით, მას შემდეგ, რაც თავის ორსულობაზე შეიტყო, გარშემო შექმნილ "დრამას" ნაკლებ ყურადღებას აქცევს.
"უცბად შენ აღარ ხარ ყურადღების ცენტრში", — ჰყვება ბლანჩარდი, — "ყურადღების ცენტრში მხოლოდ და მხოლოდ შენში მყოფი პატარა სიცოცხლეა, რომლის დაცვაც ახლა შენი პასუხისმგებლობაა. ეს პატარა სიცოცხლე არის ბავშვი, პატარა ადამიანი, რომელიც შენია. რომელიც უნდა დაიცვა, უნდა გიყვარდეს, მასზე უნდა ზრუნავდე და აძლევდე იმ ყველაფერს, რასაც ვისურვებდი, თავად მქონოდა ბავშვობაში".
თავად ჯიფსის მთელი ბავშვობა და ზრდასრულობის ადრეულ ეტაპზეც ეგონა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა: აწუხებდა ასთმა, კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემიაც კი. თუმცა, ისტორია უფრო მძიმეა: ბლანჩარდის დედას მიუნჰაუზენის დელეგირებული სინდრომი ჰქონდა, რის გამოც სჯეროდა და შვილსაც აჯერებდა, რომ მას სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, შემდეგ კი შესაბამის სიმპტომებს სამედიცინო პროცედურებით ხელოვნურად იწვევდა.
ჯიფსის თქმით, როდესაც 7 წლის იყო, დედამისი ამტკიცებდა, რომ მას კუნთოვანი დისტროფია და ლეიკემია ჰქონდა, რის გამოც შვილს თავი გადაპარსა და ეტლით გადაადგილება დააწყებინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის სიარული შეეძლო.
2015 წელს ბლანჩარდმა თავის პარტნიორთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ჯიფსის მტკიცებით, მაშინ სჯეროდა, რომ დედის მკვლელობის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ის ჰყვება, რომ სახლიდან გაქცევა ცადა, მაგრამ დედამ მისი დაჭერა შეძლო. იურიდიულად, ჯიფსის მეურვე დედამისი იყო და მას დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
მკვლელობის თანამონაწილეობაში დადანაშაულებულმა ჯიფსი როუზმა მისჯილი 10 წლიდან საპატიმროში 8 წელი გაატარა, მის უკვე ყოფილ პარტნიორს კი ციხეში მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს. საპატიმროდან გამოსვლამდე ჯიფსიმ ინტერვიუში თქვა, რომ დედის მკვლელობას ყოველდღე ნანობს და ფიქრობს, რომ მისი მოკვლის ნაცვლად, პოლიციისთვის უნდა მიემართა. ჯიფსის თქმით, უნდა, ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფი სხვა ადამიანები დაარწმუნოს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინონ და სხვა ნებისმიერი გზა იპოვონ სიტუაციიდან თავდასაღწევად.
ბლანჩარდი და არკერი ჯერ კიდევ მაშინ დაინიშნნენ, როცა ქალი საპატიმროში იყო, თუმცა, 2022 წელს წყვილი დაშორდა. დაშორებიდან მალევე, ჯიფსიმ ლუიზიანელ მასწავლებელზე, რაიან ანდერსონზე, იქორწინა — კვლავაც ციხეში. თუმცა, რამდენიმე თვის წინ ისინიც დაშორდნენ. როგორც ცნობილია, ჯიფსიმ და კენმა სწორედ მას შემდეგ აღადგინეს ურთიერთობა.
ჯიფსი როუზ ბლანჩარდის უჩვეულო ისტორია ჯერ საფუძვლად დაედო Hulu-ის 2019 წლის მინისერიალს The Act, რამდენიმე თვის წინ კი გამოვიდა დოკუმენტური სერიალი ჯიფსი როუზ ბლანჩარდის აღიარებები საპატიმროში (The Prison Confessions of Gypsy Rose Blanchard). ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს კიდევ ერთ დოკუმენტურ სერიალზე, რომელიც ამჯერად უკვე გათავისუფლებული ჯიფსის ცხოვრებას გვიჩვენებს.