საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება.
„ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არც ერთი პროცესი არ შეუჩერებია, თანმიმდევრულად აგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს, ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე და ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.