„ეს მათი მხრიდან არის დიდი ხნის პარტნიორობაზე ისეთი სილის გაწნა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ დიდხანს ემახსოვრება ქართველ ხალხს და ალბათ მათაც“,-ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონის გაყინვას ეხება.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით ეს ყველაფერი არის შურისძიება გარკვეული ძალების მხრიდან, რომლებსაც არ მოეწონათ, რომ ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვა.
„როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტად უჭირდა ავღანეთში, ყველაზე სანდო პარტნიორი სწორედ საქართველო იყო. მათ შორის ნატოს სახელმწიფოებს შორის. ამერიკის და ინგლისის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტი საქართველოს ჰყავდა იქ. და იქიდან ამერიკის გამოსვლის დროსაც, საქართველო იყო ყველაზე უფრო ერთგული პარტნიორი აი მძიმე კადრების და მოვლენების ჟამს. ამის ესე დავიწყება, წუთიერი, მიმდინარე პოლიტიკური რევანშისტული განცხადებების სანაცვლოდ არ არის კარგი საქციელი.
რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირს საერთოდ მისია ეშლებოდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რომ არა საქართველო, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და გვერდში დაუდგა ევროკავშირს. ერთადერთი საქართველო იყო , რომელიც საფრანგეთთან ერთად იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამ მისიის შემადგენლობაში. ასე რომ ყველაფერი ნათელია. როდესაც მათ უჭირთ ჩვენ გვერდზე ვართ და როდესაც ისინი თვლიან რომ საჭირო არის საქართველოზე გარკვეული ზეწოლის განხორციელება ეს თანამშრომლობა ავიწყდებათ. რაც შეეხება ამ 30 მილიონს, ვიტყვი, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 400 მილიონია და ცოტა მეტიც. ამიტომ ამას პირდაპირი გავლენა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე არ აქვს. უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი თურმე მთავარი პრიორიტეტები არ არის, მთავარი პრიორიტეტები არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა. და ჯარი და არასამთავრობო სექტორი ასე დაგვანახეს. თურმე თავდაცვისუნარიანობა, ჯარი ეს მთავარი არ არის, მთავარია ლომჯარიები, გიგაურები და ეს ყოვლად გაუმჭვირვალე საზოგადოება იქნება თუ არა ჰიბრიდული ჩარევის იარაღი ქართულ არჩევნებში. რას იგებენ ამით ძნელი განსასაზღვრია“,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.