გია ვოლსკი: მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდება მომდინარეობდა არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ იმ განცხადებებიდან, რომლებიც დასავლეთში კეთდებოდა

გია ვოლსკი: მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდება მომდინარეობდა არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ იმ განცხადებებიდან, რომლებიც დასავლეთში კეთდებოდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდება მომდინარეობდა არა „ქართული ოცნების“ მხრიდან, არამედ იმ განცხადებებიდან, რომლებიც დასავლეთში კეთდებოდა.

მისი თქმით, ლოგიკური ეჭვი გაჩნდა, რომ ქვეყანა იმის გამო ისჯება, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით უკრაინის კატეგორიულ, რადიკალურ მოთხოვნას არ აჰყვა.

„მეორე ფრონტის გახსნისა და გადატრიალების მოწყობის ბრალდებება ჩვენი არ იყო. მაგალითად, ჩვენ შევაფასეთ ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის, კაია კალასის განცხადება, რომლის ქმარმაც ომის შემდეგ რუსეთთან ბიზნესის წარმოებით დიდი მოგება მიიღო. კალასმა განაცხადა, რომ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრების ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობა ძალიან კარგია, ვინაიდან სწორედ ასე იწყებოდა მაიდანი. ეს ვთქვით არა ჩვენ, არამედ მან. ჩვენ სწორედაც მის ნათქვამზე გავაკეთეთ კომენტარი. როდესაც საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების საკითხზე ვსაუბრობდით, ამას პირდაპირ დაემთხვა უკრაინის მხრიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, უკრაინამ ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვია, რომ არ გავაგზავნეთ გარკვეული იარაღი და ასევე, არ გავგზავნეთ მოხალისეები ორგანიზებულად. ამას კიდევ დაემთხვა სტატუსის თემით გარკვეული მანიპულაციები, მაშინ როცა ყველა მონაცემით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით. აქედან გამომდინარე, ლოგიკური ეჭვი გაჩნდა, რომ ჩვენ იმის გამო ვისჯებით, რომ უკრაინის ამ კატეგორიულ, რადიკალურ მოთხოვას არ ავყევით, რომ საომარ მოქმედებებში ჩავრთულიყავით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.