საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ორი პისტოლეტი, რომელთაგან ერთ-ერთით ის თავის მოკვლას აპირებდა, აუქციონზე 1,69 მილიონ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პარიზელი იარაღის ოსტატის ლუი-მარენ გოსეს მიერ შექმნილი პისტოლეტების სავარაუდო ფასი 1,2 – 1,5 მილიონი ევრო იყო. ორი პისტოლეტი ოსენატის აუქციონზე გაიყიდა, რომელიც ფონტენბლოს სასახლის მოპირდაპირედ მდებარეობს, სადაც 1814 წელს ნაპოლეონმა თვითმკვლელობა სცადა.
პისტოლეტები ნაწილობრივ მოოქრული და მოვერცხლილია. მათზე ნაპოლეონის პროფილიც არის ამოტვიფრული.
აღსანიშნავია, რომ პისტოლეტები მას შემდეგ გაიყიდა, რაც საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მათ ეროვნული საგანძურის სტატუსი მიანიჭა და მისი ექსპორტი აკრძალა. საფრანგეთის მთავრობას აქვს 30-თვიანი ვადა, რათა მყიდველს, რომლის ვინაობა უცნობია, მათი გამოსყიდვა შესთავაზოს.