პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში გეგმავენ, რომ მთელი საქართველო მოიარონ და ერთიანობაში მთელი საქართველო ჩართონ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი.
„გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და ჩვენ ერთიანობას სტარტი მივეცით.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანობას ახალ ადამიანებთან ერთად, ერთიანობას პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ერთიანობას მოქმედ პარლამენტარებთან ერთად, ერთიანობას რაც მთავარია ხალხთან ერთად იმისთვის, რომ საქართველომ გაიმარჯვოს.
ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან საინტერესო ადამიანები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლებმაც პირველად გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკისკენ და რაც მთავარია ჩვენ კარს ვუღებთ აბსოლუტურად ყველას, დიდი ერთიანობით, ეროვნული ერთიანობით.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დიდი სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ და ეს შეგვიძლია დიდი ერთიანობით მოვახდინოთ.
ჩვენ კამპანიას სტარტი მივეცით, ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიაროთ, კარდაკარ ვიაროთ და ამ ერთიანობაში ჩავრთოთ მთელი საქართველო იმიტომ რომ მთავარი ერთიანობა უნდა იყოს ხალხთან, რისთვისაც ეს ყველაფერი გავაკეთეთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.