გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. როგორც იცით, არის ევროკავშირის წევრობის 10 კანდიდატი ქვეყანა. საქართველო ერთ-ერთი მათგანია. ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევა. პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს.
მისი თქმით, ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ბლოკის მომავალი ლიდერები ბევრი ამბიციით დაიწყებენ მუშაობას.
„გაფართოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, ახალარჩეული ხელმძღვანელობის მომავალი 5 წლის მუშაობის განმავლობაში მოხდება ევროკავშირის შემდგომი გაფართოების დიდი ტალღა. საქართველოს შემთხვევაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავტვირთავთ მუშაობას და მოვასწრებთ მივაღწიოთ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი“, - აღნიშნა ელჩმა.