მეცნიერებმა ტვინის სამგანზომილებიანი მოდელები შექმნეს, რისთვისაც რამდენიმე ადამიანის უჯრედები გამოიყენეს. ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია, რომლის შედეგადაც ჰიბრიდული ორგანოიდები, ე.წ. ქიმეროიდები, მიიღეს. მათი ქსოვილი ტვინის ფუნქციასა და სტრუქტურას იმეორებს, მაგრამ ბევრად მცირე ზომისაა.
ასეთი ნიმუშები ადამიანის ბიოლოგიის შესასწავლად უფრო გამოსადეგია, ვიდრე ორგანზომილებიანი ან ცხოველთა მოდელები. აქედან გამომდინარე, იმედოვნებენ, რომ ქიმეროიდები წამლების შექმნას დააჩქარებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ჩვეულებრივ, ორგანოიდებს ერთი დონორის უჯრედებისგან ზრდიან, რაც თუნდაც მედიკამენტის გავლენის კვლევისას გენეტიკური სხვაობების გათვალისწინების საშუალებას არ იძლევა. სხვადასხვა ინდივიდის ბიოლოგიური მასალის გამოყენებას ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, განსაკუთრებით კი პრეპარატის ტესტირების ადრეულ ეტაპზე.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ადამიანის უჯრედებისგან ტვინის ერთგვარი ფენები აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ისინი სამგანზომილებიანი არ ყოფილა. რაც შეეხება ქიმეროიდებს, მათ მისაღებად 5 ადამიანის ღეროვანი უჯრედები გამოიყენეს, რომლებიც ლაბორატორიაში სპეციალური ნივთიერებების მეშვეობით ცალ-ცალკე გაზარდეს. შემდეგ ისინი დაანაწევრეს და გააერთიანეს ისე, რომ თითოეულ ნიმუშში 5-ივე დონორის მასალა თანაბარზომიერად ყოფილიყო.
3 თვეში ამ მინიტვინების დიამეტრი უკვე 3-დან 5 მილიმეტრამდე იყო და იმ ტიპის უჯრედებს შეიცავდა, რომლებიც ჩანასახის ტვინის ქერქში გვხვდება. მეცნიერებმა ისინი ნეიროტოქსიკურ ნივთიერებებთან, ეთანოლთან და ვალპროატთან, შემხებლობაში გამოცადეს. პირველი მათგანი ფეტალურ ალკოჰოლურ სინდრომს უკავშირდება, მეორე კი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატია და თანდაყოლილი დეფექტების რისკს ზრდის.
აღმოჩნდა, რომ 5-ივე ინდივიდის უჯრედები ამ "გამღიზიანებლებზე" სხვადასხვაგვარად რეაგირებდა. მაგალითად, ამას მათ ზრდაზე ერთნაირად არ უმოქმედია. ავტორები ამბობენ, რომ უფრო მეტი ადამიანის უჯრედების მეშვეობით შესაძლოა, მედიკამენტების პოტენციური გვერდითი ეფექტები კლინიკურ ცდამდე გამოვიკვლიოთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.