ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ. ნაკლებად მგონია, ეს პროექტი წარმატებული იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ხვიჩია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.
„წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, ამ ჟანრში მოსინჯოს ენერგია. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, ეს პროექტი წარმატებული იყოს. „ენჯეოებს“ აქამდე არ მოუციათ საფუძველი ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არჩევადები იყვნენ და პრინციპულად დაიცვან რომელიმე პოლიტიკური აზრი. პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ ფინანსებიც ტრიალებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ადამიანს მოუნდეს ამ პროცესში ძალების მოსინჯვა. დავაკვირდეთ, სად აღმოჩნდება ეს ხალხი და ამის მიხედვით გავაკეთოთ განცხადებები მათი მიზნების შესახებ.
კითხვაზე, რამდენად მისაღებია მესამე სექტორიდან პოლიტიკაში გადანაცვლება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამაში ცუდი არაფერი იქნებოდა, თუმცა ენჯეოსექტორის წარმომადგენელთა უდიდეს ნაწილს მიიჩნევს „უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად“.
„ამაში არაფერი ცუდი არ იქნებოდა, პირიქით, კარგი იქნებოდა, რომ ვხედავდე რესურსს, ამ ხალხს შეუძლია პოლიტიკის გადახალისება და ახალი სისხლის შემოტანა. გამონაკალისები ყველგან არსებობენ, მაგრამ ენჯეოსექტორის წარმომადგენლებს, მათ უდიდეს ნაწილს მივიჩნევ უემოციო, არაქარიზმატულ და პოლიტიკისთვის გამოუსადეგარ ხალხად, თუმცა შეიძლება ვცდები და არსებობს გამონაკლისები. დავაკვირდებით და ვნახავთ. შეუძლებელი მგონია, ახლა, არჩევნების წინ შექმნა პოლიტიკური პარტია, გახვიდე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადასალახად და მიაღწიო წარმატებას. ამიტომ მგონია, რომ ეს ხალხი რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ევაჭრება ფულზე,სიაზე, მომავალზე ან რამეზე. რამდენად წარმატებული იქნება ვაჭრობის შედეგი, ამას დავინახავთ ცოტა ხანში, მაშინ, როდესაც ეს ხალხი ვინმეს პოლიტიკურ პარტიაში აღმოჩნდება. ეს არის სავაჭრო პლატფორმა. ვინაიდან არსებობს სულ სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „ლელო“, რომელიც ფულს იხდის, ამ სამიდან ერთ-ერთში აღმოჩნდებიან. ესენი არიან ფულის გადამხდელი პარტიები. ფული რომ არ ნდომებოდათ და პრინციპებისთვის ებრძოლათ, უფრო ადრე შევამჩნევდით მათ აქტიურობას პოლიტიკაში. ეს ზედ არჩევნების წინ როცა ხდება, ან ფულის მიზეზია, ან სიაში ჩასმის, სამომავლო პერსპექტივის და ნაკლებად პრინციპების დაცვის, რადგან ამ პრინციპების შესახებ აქამდე უნდა გაგვეგო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.