„დემოკრატი“ კონგრესმენი, ლოიდ დოგეტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მე წარმოვადგენ კონგრესის ოლქს, რომელსაც ოდესღაც ლინდონ ჯონსონი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი] წარმოადგენდა. სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მან მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება [საპრეზიდენტო რბოლიდან] გასვლის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმაც იგივე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა კონგრესმენმა.
დოგეტის თქმით, პრეზიდენტს [ჯო ბაიდენს] შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი თაობის ლიდერების ჩამოყალიბებას, რათა დაეხმაროს [„დემოკრატიულ“] პარტიას საბოლოო მიზნის მიღწევაში, რაც ტრამპის დამარცხებაა.
„ვაღიარებ, რომ ტრამპისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ბაიდენის უპირველესი ვალდებულება ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყანა და არა საკუთარი თავი. იმედი მაქვს, რომ ის მიიღებს მტკივნეულ და რთულ გადაწყვეტილებას [საპრეზიდენტო რბოლიდან] გასვლის შესახებ. პატივისცემით მოვუწოდებ მას ამისკენ“, - დასძინა მან.