ქართველი გულშემატკივრები „სასწაული“ ევროს შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს შეეგებნენ, – ამ სათაურით აქვეყნებს „როიტერი“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან გულშემატკივრის შეხვედრის საზეიმო ღონისძიების შესახებ სტატიას.
როგორც სააგენტო წერს, ათასობით გახარებული ქართველი გულშემატკივარი შეიკრიბა თბილისის ცენტრალურ მოედანზე, რათა მისალმებოდა ევრო 2024-დან დაბრუნებულ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ტურნირზე საინტერესო დებიუტის შემდეგ.
„ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს ევროპის მასშტაბით მომაჯადოებელი გამოსვლების სერია, მათ შორის, შოკის მომგვრელი 2:0 გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან. ხვიჩა კვარაცხელიასა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის წინამძღოლობით ევროზე წარმატებული დებიუტის შემდეგ ბევრი ქართველი ახლა იმედოვნებს, რომ მათმა პატარა ქვეყანამ მომავლის საფეხბურთო რუკაზე საკუთარი ადგილი დაიკავა“, – წერს „როიტერი“.