დონალდ ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნატო აიღებს ვალდებულებას, შეაჩეროს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოს მიმართულებით, და აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი გადაწყვეტა ასევე, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოსთან დაკავშირებით ტრამპის გეგმებში“, - წერს გამოცემა POLITICO.
ასევე აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპმა შესაძლოა გააუქმოს უსაფრთხოების გარანტიები ალიანსის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვაზე.
„სინამდვილეში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპმა დატოვოს ნატო. მაგრამ მაშინაც კი, თუ ის ოფიციალურად არ დატოვებს ორგანიზაციას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო ხელუხლებლად გადაურჩება ტრამპის მეორე ვადას“, - აღნიშნავს ამოცემა POLITICO.
წყაროების განცხადებით, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში, აშშ შეინარჩუნებს თავის ბირთვულ ქოლგას ევროპის თავზე, საჰაერო ძალებსა და ბაზებს გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში. ამავდროულად, ქვეითი ჯარის, ჯავშანტექნიკის, ლოგისტიკისა და არტილერიის ძირითადი ნაწილი საბოლოოდ გადავა ევროპელების ხელში.
ცვლილება, რომელსაც ნატოსთან დაკავშირებით ტრამპის გეგმა ითვალისწინებს, ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ამერიკის როლის მნიშვნელოვან შემცირებას მოიცავს.