კარგია ყველა პროდასავლური პარტიის გაჩენა, არსებობა, მაგრამ მთავარია ისე არ დაქუცმაცდეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ბევრმა პარტიამ ბარიერის გადალახვა ვერ შეძლოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მანჯგალაძემ ოპოზიციას გამსხვილებისკენ მოუწოდა.
„ყველას მოვუწოდებთ გამსხვილებისკენ, ახლებსაც და ძველებსაც,“ - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „თუ ამერიკას ეძახი მტერს, ამერიკას შესაბამისად მოქმედებს და გექცევა როგორც მტერს“.
„ქართული ოცნება“ ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ სავიზო სანქციები „ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელს შეეხო და სახელი და გვარები ცნობილია. ახლა ყველაზე მძიმე იქნება, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ანტიამერიკულ, ანტიქართულ, ანტიევროპულ რიტორიკას, რომ ამუშავდება სახაზინო სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათ სახელსა და გვარზე ფიქსირებულ ვერც ერთ საფინანსო ანგარიშს ვერ გამოიყენებენ. ვერც ბილეთს იყიდიან, ვერც გაფრინდებიან, ვერც გამოფრინდებიან. ფაქტობრივად ნიშნავს, რომ შეეზღუდებათ ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილების უფლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სარკისებური ასახვა. თუ ამერიკას ეძახი მტერს, შესაბამისად მოქმედებს ამერიკას და გექცევა როგორც მტერს, ოღონდ არა საქართველოს, არამედ „ქოცებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.