თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განცხადებები ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ არამხოლოდ შეშფოთება გამოვთქვით საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ“.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ასეთი განცხადებები კეთდება, რადგან გამჭვირვალობის კანონი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არის გამოყენებული.
„ვხედავთ, რომ მსოფლიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რატომ? – ორი მიზეზია. საკითხს პროპაგანდისტულ ლოზუნგს თუ მოვხსნით, საქმე იქამდე მიდის, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია. თან ისეთი მარტივი გამჭვირვალობის, რომელიც ალბათ ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში საწყისი სტანდარტების დონეზეა. ამიტომ, ამ გაგებით უჭირთ, მაგრამ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის კანონი საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის იარაღად არის გამოყენებული, ასეთი განცხადებები კეთდება.
მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს – აღმოჩნდება, რომ რომელიღაც ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაუწესა, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. არადა, თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი მდგომარეობაა, რასაც ვხედავთ. ეს ძირითადად მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.