მას შემდეგ, რაც ვადამდელმა არჩევნებმა უკუშედეგი გამოიღო, ემანუელ მაკრონი მტკივნეული არჩევანის წინაშე დგას: არჩევნებიდან მოხსნას თავისი კანდიდატები, რათა შეაჩეროს უკიდურესი მემარჯვენეები, ან შეეცადოს გადაარჩინოს ის, რაც დარჩა მისი ერთ დროს დომინანტური მოძრაობისგან, ვიდრე ეს პოლიტიკური მოძრაობა მოკვდება, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით მაკრონის საქმე უკვე დამთავრებულია. შეძლებს ვინმე ლე პენის შეჩერებას?
სტატიაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონისთვის კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო დამცირება.
„მან ვადამდელი არჩევნები ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების შემდეგ დანიშნა და ამას ერთი მიზანი ჰქონდა: შეეჩერებინა საფრანგეთის სვლა უკიდურესობისკენ. მან საპირისპირო შედეგს მიაღწია“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის სიდიდით მეორე ეკონომიკა და ევროკავშირში ბირთვული იარაღით აღჭურვილი ერთადერთი ძალა ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, პირველად ისტორიაში ულტრამემარჯვენე მთავრობის ფორმირებასთან.