ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ შეძლო კიდევ ერთხელ მისი მდგრადობის დადასტურება, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკური ზრდის 2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებელზე საუბრისას.
გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წლის პირველი კვარტლის განმავლობაში არ და ვერ პროგნოზირებდა, რომ საქართველოს შესაძლოა, ჰქონოდა ასეთი ტიპის მაღალი ეკონომიკური ზრდა.
„რა თქმა უნდა, ჯამში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ისინი პროგნოზირებენ, ჩვენ ეს პროგნოზები გვქონდა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ამ შემთხვევაში ასახელებდნენ მთავარ მიზეზებს, რომლებიც უფრო მეტად ჩვენს გარე ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ შეძლო კიდევ ერთხელ მისი მდგრადობის დადასტურება, რომ ის არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე ფაქტორზე და ინსტიტუციურად არის საკმაოდ გაძლიერებული. შეიძლება ითქვას, რომ არის დიფერენცირებული დარგები, საქართველო არ არის დამოკიდებული ერთ რომელიმე სექტორზე. ჯამში, მიუხედავად გარკვეული ტიპის რყევებისა, რომლებისაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ამას საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის - არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, არამედ რეინვესტირებისთვის.
„ანუ კომპანიებს აქვთ ნდობა ქვეყნის ეკონომიკის, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ახორციელებენ საქართველოში გრძელვადიან მიზნებს. სწორედ ეს არის ის, რაც მთლიან შიდა პროდუქტს ქმნის, ის ზრდა, რაც ფიქსირდება და რომელიც ჯამში სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს. ჩვენ ვნახეთ ასევე, რომ ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის რაოდენობა, სამუშაო ადგილების ზრდის ხარჯზე სწორედ. მიუხედავად იმისა, რომ არის ხოლმე სპეკულაციები, რომ სამუშაო ძალა გავიდა ქვეყნიდან და ამის ხარჯზეა შემცირებული უმუშევრობა, ციფრები მოტყუების საშუალებას არ გვაძლევს. ციფრები გვეუბნება, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა. ეს არის მდგრადობის მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.