გახარიამ და მისმა პარტიამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური წესების მიღმა, მეგობრობის მიღმა, ღირსების მიღმა და თუნდაც იმ საერთო გამოცდილების მიღმა, რომელიც მას აკავშირებდა „ქართულ ოცნებასთან“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ი მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების დასალაგებლად შიკრიკებს აგზავნიან.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ადამიანმა, რომელიც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, უნდა იცოდეს, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნებში წინასწარი აფიშირების გარეშე ჩადიან.
„ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებაში როდესაც იყავი და პრემიერ-მინისტრი იყავი, როგორც მინიმუმ, ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთო, არასერიოზულია და არანაირ სტანდარტში არ ჯდება. შიკრიკები ალბათ უნდა მოიკითხოს ყველამ თავის თავში და თავის პოლიტიკურ პარტიაში. ასე ვუპასუხებდი მაგ განცხადებას.
უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები ქვეყნებში ისე ჩადიან და ისე ხვდებიან თავის კოლეგებს, ძალიან ხშირად, მათ შორის, იმ წამყვანი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები, ვისი პარტნიორებიც ჩვენ ვართ, რომ ამას საჯაროდ არ აკეთებენ, აფიშირებით არ აკეთებენ და მედიას არ ეუბნებიან წინასწარ.
მე ვურჩევ ყველა მოქალაქეს, რომ სწორედ ამ ჭრილში შეაფასოს თუ რამდენად პოპულისტური განცხადება არის ეს განცხადება თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აცდენილია ზრდილობას, აცდენილია კულტურას და საერთოდ, იმ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი საზოგადოება აღიარებს და სცემს პატივს. რა გამოიგონეს და რა სპეკულაციაა.
რაც შეეხება თანამშრომლობას, მე ვურჩევ მათ, რომ წაიკითხონ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, მათ შორის, ბოლო ანგარიში, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების და რა და რა შეფასებებია იქ ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ნახონ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.