პოლიტიკურ ისტორიაში, ალბათ, ანალოგი არ მოიძებნება და მით უმეტეს, ევროპის საბჭოს არსებობის განმავლობაში, როდესაც ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვა ან შეჩერება მოეთხოვოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკასთან“ რადიკალებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუმცა ისეთი ტოქსიკური, ანტიევროპული და ანტიქართული პარტიისთვის, როგორიც არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
„პოლიტიკურ ისტორიაში ალბათ, ანალოგი არ მოიძებნება და მით უმეტეს, ევროპის საბჭოს არსებობის განმავლობაში, როდესაც ქვეყნის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის წევრობის შეზღუდვა ან შეჩერება მოეთხოვათ. ამის მაგალითი უბრალოდ არ არსებობს, თუმცა ისეთი ტოქსიკური, ანტიევროპული და ანტიქართული პარტიისთვის, როგორიც არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროსაბჭოშივე მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ჯარი ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. ახლა უკვე ევროპის საბჭოს მიმართეს, რომ საქართველოს 25-წლიანი წევრობა, თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან, შეიზღუდოს საკუთარი ქვეყნისთვის. წარმოიდგინეთ, მოითხოვეს, წევრობისა და უფლებამოსილების შეზღუდვა ევროპის ოჯახში, ევროპულ საბჭოში. ეს არის ლოგიკური გაგრძელება და იგივე ამორალური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ეს პარტია, სადაც ფულს იხდიდნენ საქართველოს ევროპული მომავლის დაბლოკვაში, სადაც ფულს იხდიდნენ, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის წარმოეჩინათ, თითქოს ქვეყანა დაშორდა ევროპას და თითქოს, ქვეყანამ უკან დაიხია პროგრესიდან. ამის შემდეგ რაღა უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ერთი შავი დღე და კიდევ ერთი შავი ლაქა ამ პარტიის ბიოგრაფიაში. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა არჩევნებში ამას ზუსტი და სათანადო შეფასება მისცენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.