საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპულ მოედანზე დაამტკიცა, რომ საქართველო თანასწორია და შეუძლია საუკეთესო გუნდებთან თამაში, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„ეს ფეხბურთის დღესასწაული იყო, ძალიან ბევრი ქომაგი იყო ჩამოსული გერმანიაში. ძალიან ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს ფეხბურთს მთელი მსოფლიოდან და შემიძლია ვთქვა, ის რასაც ბევრია ადამიანისგან ვისმენდი, რომ საქართველოსთან თამაშები და იყო ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ამ ჩემპიონატზე. ჩვენ მალე დავბრუნდებით, დავბრუნდებით კიდევ უფრო ძლიერად. გვქონდა უძლიერეს გუნდებთან თამაშები, პორტუგალიასთან მართლაც საოცარი შედეგი დავდეთ. გუშინ იყო თამაში ევროპის სამგზის ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან, მათ უკან აუკეთესო საფეხბურთო სკოლები და კლუბები დგას. საქართველოც ამ გზით მიდის, სწორედ ამიტომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა გასვლა ევროპის ჩემპიონატზე და მოლოდინებსაც გადააჭარბეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.