ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს. ადრე დიდ ტურნირებზე ზოგი ვის გულშემატკივრობდა, ზოგი ვის და ახლა ეს წარმოუდგენელია, რადგანაც ყველა შეჯიბრზე ველით საქართველოს ნაკრებს - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ „ჯვაროსნებმა“ და მათმა გულშემატკივრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოწინააღმდეგეების პატივისცემა დაიმსახურეს და გუნდის მომავალზეც ისაუბრა.
„თავისთავად, გუნდი უფრო გაძლიერდება. ასეთ თამაშებში მოდის დამაჯერებლობა. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჯერ არ არის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ მჯერა, რომ ვილი სანიოლი დარჩება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად და ეს ბირთვი ძირითადად შენარჩუნდება. მე ვერ ვხედავ ვერცერთ ფეხბურთელს, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ ნაკრებიდან წავა, რადგანაც ძალიან მალე არის ერთა ლიგის თამაშები. აქედან გამომდინარე, ძალიან ახლოს არის კიდევ წარმატებები“, - მიიჩნევს მინაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.