ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო, - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც გააცნო ყველას თავი საკუთარი იდენტობით. 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.
ყველა ის წამი, რომელიც შეკრების დაწყების დღიდან ერთად გავატარეთ, მართლაც უნიკალური და დაუვიწყარი იყო. ვფიქრობ, ამ ერთიანობამ მოიტანა ის შედეგი, რომლითაც დღეს შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, ხვალინდელი დღის უკეთესი შედეგის იმედად.
ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ, გერმანიაში, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდით. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ტრიბუნიდან, ქუჩის ეკრანებიდან, თუ სახლიდან, ყველა ძალა ჩვენამდე სრული სიზუსტით მოვიდა და ამან ყველა ეტაპზე გაგვაძლიერა.
მომავალ შეხვედრამდე“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.