საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს.
„დღევანდელი გაკვეთილი არის ის, რომ ულტრამემარჯვენეები ძალაუფლების ზღვარზე არიან. ჩვენს დემოკრატიაში ეროვნულ ასამბლეაში ულტრამემარჯვენეების დომინირების რისკი არასდროს ყოფილა ისე, როგორც ეს მოხდა ამაღამ. მაშასადამე, ჩვენი მიზანი ცხადია: არ დავუშვათ ეროვნული გაერთიანების აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში, დომინირება ეროვნულ ასამბლეაზე და, შესაბამისად, ქვეყნის მართვა თავიანთი დამღუპველი პროექტით“, – აღნიშნა ატალმა არჩევნების ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
ამასთან, მედიისთვის მიწოდებულ წერილობით განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, რომლებიც არიან „რესპუბლიკური და დემოკრატიული“.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34 პროცენტით ლიდერობს. 28.1 პროცენტით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3 პროცენტი მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2 პროცენტი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.