სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, სულ მცირე, პატივი სცენ ქართველი ხალხის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილმა უპასუხა კითხვას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში.
„სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე ვინც საუბრობს, ჯერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედოს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილს აბსოლუტურად სამართლიანად, სწორად აქვს მისჯილი სასჯელი. ასევე წერია, რომ ის სიმულიანტობდა და იტყუებოდა, თითქოს აწამებდნენ. სულ მცირე, პატივი სცენ ჯერ ქართველი ხალხის, შემდეგ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისე გააკეთონ განცხადება სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე. როგორც ჩანს, ბოკუჩავა მიხვდა, რომ ცუდ დღეშია და სლოგანი – ხაბეს წასვლა ბოკუჩავას მოსვლით უნდა გადაეტანათ – არ მუშაობს და ახლა ბელადების რესურსებს ებღაუჭება, რაც არ გამოუვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.